1921 წლის 25
თებერვლიდან, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, საისტორიო და საეთნოგრაფიო
საზოგადოება კვლავ წარმატებით აგრძელებდა საქმიანობას.
მენშევიკური მთავრობის
განკარგულებით მთელი სამუზეუმო ქონების საფრანგეთში წაღება გადაწყდა. სამუზეუმო ძვირფასეულობის
მეთვალყურედ დამფუძნებელი კრების მიერ დაინიშნა ექვთიმე თაყაიშვილი. მძიმე იყო მეცნიერისათვის
სამშობლოს დატოვება, მაგრამ საქართველოს ძვირფასეულობას მეთვალყურე სჭირდებოდა. მას
კარგად ესმოდა, რომ თუ არა დიდი ყურადღება, შეიძლებოდა ქართველი ერის სულიერი და მეტერიალური
კულტურის ძეგლები სამუდამოდ დაკარგულიყო საქართველოსთვის. 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე
თაყაიშვილმა მეუღლესთან, ნინო პოლტორაცკაიასთან ერთად დატოვა საქართველო და კარგა ხანს
მოუხდა ემიგრაციაში ყოფნა.1921
წელს ნინომ და ექვთიმემ უხმაუროდ დატოვეს თბილისი, ამის შესახებ ნინო ნიჟარაძე (დისშვილი)
იხსენებს: „1921 წლის 25 თებერვალი, ამ დღეს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა, ბავშვები
გახარებულები ვიყავით, დედამ ეზოში გაგვიშვა, მერე ავედი დეიდასთან, მაგრამ არც ექვთიმე
და არც ნინო აღარ დაგვხვდნენ. მაგიდაზე ჭურჭელი კი არ იყო ალაგებული, სარეცხი კი თოკზე
ეკიდა, ყველას გაუკვირდა, ორივეს წესრიგი და სისუფთავე უყვარდა. დედას ცრემლები მოადგა
თვალებზე, ლაპარაკს ვერ ახერხებდა. ასე რომ, 1921 წლიდან 1945 წლამდე მოლოდინისა და
მონატრების გზა გაიჭიმა.“
39 დიდ ყუთში
ჩალაგებული ქართული ეროვნული საგანძური ექვთიმემ დიდი წვალებით საფრანგეთში ჩაიტანა
და მარსელის ბანკში დააბინავა დაცვის მიზნით. თავად ექვთიმე და მისი მეუღლე პარიზიდან
20კმ-ში მდებარე სოფელ ლევილში დასახლდნენ, რომლის ერთ-ერთი მამული შეიძინა ემიგრაციულმა
მთავრობამ იქ მყოფი ქართველებისათვის.
1922 წელს აირჩიეს
პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების წევრად, აგრეთვე პარიზის სააზიო საზოგადოების წევრად
1925 წელს. აქტიურად თანამშრომლობდა სამეცნიერო ჟურნალებში, სამეცნიერო ჟურნალებში
(„ბიზანტიონი“, „გეორგიკა“), აქვეყნებდა გამოკვლევებს საქართველოს ისტორიასა და წყაროთმცოდნეობაში,
რომლებშიც ბევრი ფაქტისა თუ მოვლენის ახლებური ახსნაა მოცემული (მაგ: „მეფეთა და კათალიკოზთა
სულთა მატიანე ნიკორწმინდის ხელნაწერში“ (1939), „სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები“,
ნაწ. I (1929), პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი საიდუმლო
დამწერლობის ნიშანი“ (1933) და სხვა).
1926 წელს ნიუ-იორკის
მეტროპოლიტენის დირექტორი ექვთიმეს შეხვდა და სთხოვა ქართული საგანძური ამერიკაში
6 თვით გამოეფინათ, მაგრამ, ექვთიმემ ჩვეული სიმტკიცით უარი უთხრა. სამეგრელოს მთავრის დადიანის
შვილი სალომე პარიზში ცხოვრობდა. იგი რუსი გრაფის ობოლენსკის მეუღლე იყო. სალომე ობოლენსკაიამ
იჩივლა სასამართლოზე – განძის ნაწილი დადიანების საკუთრება იყო და მე უნდა მომცეთო.
მას ქართველი ემიგრანტებიდან ბევრი წამქეზებელი ჰყავდა. შვიდი წელი იბრძოდა ექვთიმე
სასამართლოზე განძის გადარჩენისათვის. ბოლოს ობოლენსკაიას უარი უთხრეს. საქართველოს განძეულობამ,
რომელიც ბევრ მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშს შეიცავდა, მადა მრავალ ბიზნესმენს
აღუძრა. განძეულობის საფრანგეთში ჩატანისთანავე მენშევიკურ მთავრობას მიაკითხა ნიუ-იორკის
ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმის დირექტორმა და მოლაპარაკება გაუმართა ქართულ კოლექციებში
დაცული მინანქრების შეძენის თაობაზე. ქართული მინანქრების ნაწილი, როგორც ცნობილია,
1856 წელს გაიტაცა ქუთაისის გუბერნატორმა ვინმე ლევაშოვმა. შემდეგ იგივე მინანქრის
საუკეთესო ნიმუშები გელათის, მარტვილისა და ჯუმათის მონასტრებიდან, ვითომ უნდა შევაკეთებინოო.
მან ბოროტად გამოიყენა ეს უფლება, მოსპო ბევრი ძველი ხატი თვით ეკლესიაში განახლების
დროს და მათი მინანქრიანი მედალიონები კი მიჰყიდა კოლექციონერ ზვენიგორდოვსკის. როგორც
ცნობილია მინანქრის ხელოვნება დიდად იყო საქართველოში გავრცელებული და ჩვენებურ ხატებზე
ხშირად ეკრა მედალიონები ბიზანტიურიცა და ქართულიც. თუმცა იციან მინანქრიანი ხატებისა
და სხვა საეკლესიო ნივთების დამზადების რეცეპტი. მაინც ვერავინ ახერხებს ამ ხელოვნების
აღდგენას. ზვენიგორდოვსკიმ ჩვენს მინანქრებში ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ მუზეუმისაგან“
მიიღო 200 000 მანეთი, რაც იმ დროისათვის ერთობ დიდი ფული იყო. სამწუხაროდ ამას ქართველებიც
უწყობდნენ ხელს. გასულ საუკუნეში ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: ქართველები „გასაკვირველ
ზნეს იჩენდნენ: რაც კი რამ კარგი მოეპოვებოდათ, ყველაფერი უცხოელებისათვის უნდოდათ!
რომ ეს არა, ჩვენი მუზეუმები ახლა ერთი-ათად უფრო მდიდრები უნდა გვქონდეს ხელნაწერებითა
და სამახსოვრო საგნებით, ხოლო უცხოეთის მუზეუმებში ჩვენთვის სანუკვარი არცერთი ძეგლი
არ უნდა იყოს მოხვედრილი ქართული კულტურისა. მივიხედ-მოვიხედე, შევიტყე, რომ იმ ძვირფას
ხელნაწერებს კაცი პატრონი არ ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა.
მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა, დავიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე.
თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი.“
აი რას წერს ქართველთა მაშინდელ უზრუნველობასა და ექვთიმეს
საქმიანობაზე ლევან სანიკიძე: „ერთმა საქართველოში სტუმრად ჩამოსულ იმპერატორს ალექსანდრე
მეორეს ლახერნის უბრწყინვალესი ხატი მიართვა. რუს ხელმწიფეს გაუკვირდა და, მადლობა
ღმერთს, საჩუქარი უკანვე დააბრუნა. მეორემ
- მეფისნაცვალს ერეკლე მეფის თოფი აჩუქა, ის თოფი, ასპინძის ბრძოლაში ხელთ რომ ეპყრა
გმირ ხელმწიფეს, მაგრამ ისევ რუსმა მოხელემ გააწბილა „გულუხვი ქართველი“-ეს თოფი თქვენი
ეროვნული სიამაყეა და თქვენ უფრო დაგშვენდებათ მისი შენახვაო. მესამემ - „ვეხისტყაოსნის“
ერთი უსაჩინოესი ხელნაწერი ვორონცოვს მიუბოძა; მან მიიღო და რევოლუციის შემდეგ ძლვს
მოხერხდა ამ ხელნაწერის დაბრუნება საქართველოში. მეოთხემ - „ვეფხისტყაოსნის“ კიდევ სხვა ხელნაწერიდან ძვირფასი
მინიატურები ამოსჭრა და ვიღაც სომეხ ჩარჩ-ვაჭარს მიჰყიდა. ექვთიმე თაყაიშვილმა დიდი
წვალებით და დავიდარაბით უკანვე მოაბრუნა ქართულ საგანძურში ის მინიატურები. მეხუთემ კი სოფელ ბორში
ნაპოვნი ცხენის გამოსახულებიანი და წარწერებიანი ვერცხლის თასი ფრანგ მოგზაურს ბარონ
დე ბაის მიყიდა, მაგრამ თაყაიშვილმა ისევ არ დაანება. ასეთი დაუღალავი შრომითა და ძიებით ექვთიმემ მრავალი დიდი
ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის განძი გადაარჩინა დაღუპვას.ოცდახუთი წელი გაატარა
უცხოეთში დიდმა მეცნიერმა და ყველაფერი იღონა განძის გადარჩენისათვის. „ეშმაკსაც კი
შევეკვრები ოღონდ განძი გადავარჩინო“. ექვთიმე თაყაიშვილი საოცარ გამძლეობას იჩენდა
მატერიალური სიდუხჭირის გამო. მშიერ-მწყურვალი ექვთიმე და ნინო, რომელთა ულუფა 16 დღე
ნახევარი ლიტრი რძე იყო, თითო კვერცხი, 400 გრამი პური, სარამოს უშაქრო ჩაი. როცა ეს
არ ჰქონდათ, ნისიად დღეში ერთხელ სადილს აწვდიდათ მეზობელი. ამისთანა დღეებს რამდენს
ნახავთ ნინოს დღიურში. ნინო
გარდაიცვალა 1931 წლის 8 ივლისს ლევილში, ხანგძლივი ავადმყოფობის შემდგომ. ექვთიმეს
მისგან შვილი არ ჰყავდა. დარჩა მარტოხელა, უდიდეს გაჭირვებაში (მიწას ამუშავებდა და
მოსავალი მოჰყავდა ლევილში, მერე ერთი თხა იყიდა და მისი რძით საზრდოობდა ეს უდიდესი
პატრიოტი თავის ქვეყნისა).
მეუღლის დაბადებისა და
გარდაცვალების თარიღებს უსახსრობის პირობებშიც აღნიშნავდა. იგი
არ ეპუებოდა ბედს და დაფოფინებდა საქართველოს ეროვნულ საუნჯეს, რომელიც სასამართლოს
პარიზში გადაატანინა. მან დაუსაბუთა საფრანგეთის მთავრობას, რომ ეს განძი ეკუთვნოდა
არა ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფო თუ კერძო მუზეუმებს. (კერძოს დასავლეთში
დიდ პატივს მიაგებენ, ჩვენგან განსხვავებით) და ეს განძი უნდა დაუბრუნდეს თავის კანონიერ
პატრონს, ქართველ ხალხს და მის მუზეუმებს. ექვთიმე თავისი ბუნებით ოპტიმისტი იყო. 1937 წელს ი. ხონღულაშვილს
სწერდა: „დავეცი, ფეხი მოვიტეხე, პარიზის საავადმყოფოში ვწევარ, მდგომარეობა ერთობ
მძიმეა, ეს აღსასრულის დასაწყისია. ნინო აღარ მყავს, ამ მდგომარეობაში ჩემი მოვლა მხოლოდ
მას შეეძლო, მე ხომ იცი მტკიცე ხასიათის არსება ვარ საზოგადოდ.“
გაჭირვება გაჭირვებას ემატებოდა. ამხელა სიმდიდრის მცველი ექვთიმე
თაყაიშვილი პურის ნატეხსა და წყალზე გადადიოდა, ქონებას ფხიზელ დარაჯად ედგა და შეუწყვეტლივ
განაგრძობდა მეცნიერულ მუშაობას. განსაკუთრებით
გაჭირდა განძის დაცვა მას შემდეგ, რაც გერმანიამ დაამარცხა საფრანგეთი 1940 წელს და
ფაშისტები პარიზში შევიდნენ. გერმანელებმა გაიგეს ქართული განძის ამბავი, მაგრამ ექვთიმემ
და ფრანგმა განძის ზედამხედველმა პიერ ჟოდონმა ქართული განძი ბანკიდან გააპარეს და
ვერსალის სასახლის ერთ ბნელ სარდაფში შეინახეს, ზემოდან კი ნაფოტები, ნაგავი და სამშენებლო
მასალები დააყარეს. განძი გადარჩა. 1944 წლის დეკემბერში საფრანგეთიდან მოსკოვში ჩამოვიდა
გენერალი დე გოლი. მან მოლაპარაკება გამართა სტალინთან და განძის თემასაც შეეხო. მხარეები
შეთანხმდნენ, რომ განძს საქართველოში დააბრუნებდნენ. განძმა თითქმის
ოცდახუთი წელი დაჰყო საფრანგეთში, აქედან ცამეტი წელი მარსელში, დანარჩენი
– პარიზში.