1887-1894 წწ-ში ექვთიმე მასწავლებლობს თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში, ასწავლის ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. 1894 -1904 წწ-ში სათავადაზნაურო გიმნაზიას განაგებს. ექვთიმე თაყაიშვილი უახლოვდება დიმიტრი ბაქრაძეს, რომელიც იმხანად იღვწოდა საქართველოს ეკლესია-მონასტრებში დაცულ სიძველეთა შეკრება-დამუშავებისა და შეძლებისდაგვარად გამოქვეყნებისთვისაც. „იმხანად, - წერს ე. თაყაიშვილი, - უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი... შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის, ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად, რაც შეიძლება მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის. ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს საქმედ იმ პერიოდში, იმ რწმენით, რომ ... ჩვენში გამოჩნდებოდნენ მეცნიერები, რომლებიც ჯეროვნად შეგვიგროვებდნენ საქართველოს ისტორიას, გაგვიშუქებდნენ იმ მართლაცდა დიდ კულტურას, რომელსაც ქართველმა ერმა მიაღწია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში“.
ჯერ კიდევ პეტერბურგის უნივერსიტეტის უკანასკნელი კურსის სტუდენტი იყო ექვთიმე, როცა იგი დაუსწრებლად აირჩიეს „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის წევრად. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იგი მთელი არსებით ებმება საზოგადოების მუშაობაში. მისი ენერგიის წყალობით გროვდება ძვირფასი წიგნები, სიგელ-გუჯრები, სხვადასხვაგვარი სიძველენი.
ე. თაყაიშვილმა 1895 წელს შეირთო ივანე პოლტორაცკის ასული ნინო. პოლტორაცკები პოლონელები იყვნენ. პოლონელი გრაფის შვილი კარგად ფლობდა ქართულს, ცნობილია მისი თარგმანები ქართულიდან რუსულ ენაზე, კერძოდ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი“. ივანე მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ილია ჭავჭავაძემ თავისი პოემა „აჩრდილი“ ნიშნად პატივისცემისა უძღვნა ივანეს.
ივანე პოლტორიცკი მატერიარულად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს. ივანე პოლტორიცკიმ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა ნადეჟდა გაბაშვილზე. მათი მეჯვარე ილია წინამძღვრიშვილი იყო.
ნინო პოლტარიცკაია გარეგნობით ძალიან ლამაზი ყოფილა, კარგად იცოდა რუსული და ფრანგული. პარიზში ჰქონდა დამთავრებული კონსერვატორია და კარგად უკრავდა. იგი ბევრს ეხმარებოდა ექვთიმეს მუშაობაში.