ექვთიმე თაყაიშვილი იყო წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი, ეპიგრაფიკის მკვლევარი, მთხრელი არქეოლოგი, ქართული მწერლობისა და ხალხური სიტყვიერების, ისტორიული გეოგრაფიისა და სამართლის ისტორიის მკვლევარი.
საზოგადოების დამფუძნებელი კრება 1907 წლის 20 სექტემბერს გაიმართა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს დარბაზში არჩეულ იქნა საზოგადოების საბჭო და სარევიზიო კომისია. საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ექვთიმე თაყაიშვილი. კრებამ დაამტკიცა საზოგადოების წესდება, რომელშიც მიზნები და ამოცანები იყო დასახული.
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება მიზნად ისახავდა შეესწავლა, შეეგროვებინა და შეენახა ისტორიული, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ლიტერატურული და ეთნოგრაფიული ნაშთები.
საზოგადოებას უნდა გაეხსნა მუზეუმი, რომელიც თავს მოუყრიდა და დაიცავდა ნივთიერ მასალასა და ხელნაწერებს.
საზოგადოებას უნდა ეწარმოებინა არქეოლოგიური გათხრები, დახმარებოდა მეცნიერებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს კავკასიისა და მისი მოსაზღვრე ქვეყნების შესწავლაში. საზოგადოების მიზანი იყო, არ გაეშვა თავისი თვალსაწიერიდან წარსულის ნაშთები, დაეცვა, განეახლებინა და აღედგინა ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლები. დროდადრო უნდა გამართულიყო ეთნოგრაფიული და სიძველეთა კოლექციების გამოფენები, ჩატარებულიყო საეთნოგრაფიო და სამუსიკო საღამოები.
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მის შექმნას დიდი რეზონანსი ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
საზოგადოება 207 კაცით გაიზარდა. ახალ წევრებს შორის იყვნენ მეცნიერები: ნიკო მარი, ვასილ პეტრიაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ზურაბ ავალიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ივანე თარხნიშვილი და სხვანი; მწერლები: აკაკი წერეთელი, ვაჟა–ფშაველა, ეკატერინე გაბაშვილი, ვასილ ბარნოვი, დავით კლდიაშვილი, ნინო ნაკაშიძე, ანასტასია ერისთავ–ხოშტარია; ხელოვნების მუშაკები: დიმიტრი არაყიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი; სასულიერო პირები: ეპისკოპოსები ალექსანდრე, ლეონიდე, კირიონი, გიორგი, პეტრე და დავითი; არქიმანდრიტები: პიროს ოქროპირიძე და დოსითეოს ბერძენიშვილი.
შემთხვევითი არ არის, რომ იგი ოფიციალურ დოკუმენტებში მოიხსენიება როგორც „ერთადერთი დაწესებულება, რომელიც სამეცნიერო აკადემიის მიზნებს ახორციელებს“.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოების კრებებს, სადაც იმ დროს გამოჩენილი ქართველი მეცნიერები დამსწრე საზოგადოებას აცნობდნენ თავიანთი გამოკვლევების შედეგებს. იმართებოდა ცალკეული პრობლემების შესახებ მოხსენებების განხილვა.
საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევდა სხვადასხვა სახის ექსპედიციებს (როგორც თვითონ უწოდებდნენ, ექსკურსიების) მოწყობას. მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს მდიდარი წარსულის და მეტად საინტერესო აწმყოს შესწავლა კარგად ორგანიზებული ექსპედიციებით შეიძლებოდა.
ექსპედიცია–ექსკურსიების მიზანი იყო არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთების შეგროვება, ისტორიული ძეგლების შესწავლა. ყველა ამ საქმის თაოსანი და სულისჩამდგმელი ექვთიმე თაყაიშვილი იყო.
ორჯერ იმოგზაურა ე. თაყაიშვილმა ტაოში. 1902 წელს არტაანიდან მოყოლებული კოლამდე აღწერა ბანა, ოშკი ახლომდებარე ეკლესიებით და ჩანგლთან შეჩერდა. 1907 წელს მესამედ გაემგზავრა შეწყვეტილ გზაზე. შეწყვეტილი გზა გააგრძელა კოლა– ოლთისის მიდამოები შემოიარა. მესამედ 1917 წელს გაემგზავრა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მოსანახულებლად. მასში მონაწილეობდნენ: ლადო. გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ერმალოვი და სხვა.
ექსპედიციამ ზუსტად გაარკვია, დაადგინა ტაძრების, ეკლესიების, ციხეების სახელწოდებები და ადგილ–მდებარეობა, რაც ამ მოგზაურობამდე უცნობი და შეუმოწმებელი იყო მეცნიერული ლიტერატურისთვის.
ექვთიმეს თაოსნობით შესწავლილ იქნა ყველა წარწერა, ქორონიკონი–თარიღის აღმნიშვნელი ასოები, „მას საოცარი მეცნიერული წვდომა ჰქონდა, ძველი წარწერების წაკითხვის საოცარი უნარი. უმრავლესობას იქვე გადმოღების თანავე კითხულობდა, ზოგს, უფრო რთულს, სადგომში მისვლისას, ჩვენ, ახალგაზრდები ვისვენებდით, იგი კი უჯდა საქმეს, ფოტოებს, კალკებს, ნახატებს და არც დარჩენია რამ ამოუკითხავი.“
თუ რაიმე ახლოს მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა, ახალგაზრდულად წამოხტებოდა, ქაღალდს დროშასავით აფრიალებდა და აღფრთოვანებით შესძახებდა: „აღმოცენდა..!! ახალი აღმოჩენა!“
დიდ მეცნიერს განსაკუთრებით ჩარჩენია მეხსიერებაში ხახულში ნანახი ქვაში ტვიფრული სიმბოლო – ქართული ფასკუნჯი მუდმივი აღორძინების იდეა!
„ეს კლასიკური ნიმუში ნოტერ–დამის ქიმერების შემოქმედებასაც შეეხამება!“ წერდა ლადო გუდიაშვილი.
უმშვენიერესი ბუნების გარემოცვაში დგანან ეს ბუმბერაზი ძეგლები თითქოს უპატრონოდ, თითქოს ძილსაც მისცემიან, მაგრამ მაინც ალერსსა და სითბოს ითხოვენ ჩვენგან. ელიან მფარველსა და მცველს. ექვთიმეს ექსპედიციამ დროულად შეაღო ამ ტაძრის საუკუნეთა მანძლზე დახშული კარები... იმედია ჩვენი თაობაც, გავხდებით „ექვთიმოსნები“, მოვეფერებით და მივუალერსებთ შორს საქართველოს მიწიდან მოწყვეტილ ტაძრებს...
ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, დიდი მწერლის სახელის უკვდავსაყოფად დასახულ ღონისძიებათა შორის მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ფარგლებში ილიას ფონდის დაარსება. რისთვის უნდა გამოყენებულიყო ეს ფონდი? ექვთიმე თაყაიშვილის მოსაზრებით „... ახლავე უნდა გვქონდეს გარკვეული – რა უფრო გვჭირდება ამჟამად, რას უნდა მოხმარდეს ყველაზე ადრე, ყველაზე უპირატესად ეს ფონდი, რის დაარსება უფრო შესაფერისია ილია ჭავჭავაძის სახსოვრად? ჩვენი აზრით, ამჟამად ჩვენთვის აუცილებელ საჭიროებას შეადგენს ქართული მუზეუმის აშენება“.
ექვთიმე თაყაიშვილს მიაჩნდა, რომ მუზეუმში უნდა შეკრებილიყო მთელი ის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და სხვა მასალა, რომლებიც მანამდე ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში ინახებოდა. მუზეუმში უნდა შექმნილიყო ილიას დარბაზი, სადაც გამოფენილი იქნებოდა მისი ბიუსტი, სურათები, ხელნაწერი და ნაბეჭდი მასალა.
1909 წლის მიწურულს შეიქმნა სამუზეუმო კომისია, რომლის თავმჯდომარედ ექვთიმე თაყაიშვილი აირჩიეს.
მუზეუმისა და ბიბლიოთეკის დაარსებას გარდა მეტერიალური სახსრებისა, მთავრობის ნებართვაც სჭირდებოდა, რაც არც ისე ადვილი იყო. საზოგადოებამ, დიდი მცდელობის შემდეგ, ბიბლიოთეკის დაარსების ოფიციალური ნებართვა მხოლოდ 1911 წლის 5 დეკემბერს მიიღო, მუზეუმისა კი 1912 წლის 24 იანვარს.
ვიდრე მუზეუმის და წიგნთსაცავის დაარსების საკითხი წყდებოდა, სამუზეუმო ექსპონატები თანდათან გროვდებოდა. ეს შემოწირულობებით ხდებოდა.
1912 წლიდან საზოგადოება შეუდგა ეკლესია–მონასტრების კედლებიდან ფრესკების გადმოღების ორგანიზებას. 1917 წლისათვის 73 ძველი ფრესკის პირი (ფაქსიმილე) მოეპოვებოდა საზოგადოებას და მუზუემის ცალკე განყოფილებას შეადგენდა. აქ იყო: ბეთანიის, საფარის, მცხეთის, ყინწვისის, ტიმოთესუბნის, ნაბახტევის, ჯელეთის, ნაყურალეშის, ვანის, გარეჯის, ბერთუბნის, ხახულის, ოშკის, იშხნის, ტაბაკინის, ნეკრესისა და საბუის ტაძართა ფრესკები.
შეგროვდა მეტად საინტერესო ნუმიზმატიკური კოლექცია. ქართული მონეტების კოლექცია შედგა იაკობ სერგის ძე მედვედევისაგან შესყიდული მონეტების, ექვთიმე თაყაიშვილის, კირიონ II–ის კოლექციისაგან და სათანადოდ დამუშავდა.
თავის მხრივ, საზოგადოებამ გამოყო აგენტები, რომლებიც დიდ მუშაობას ეწეოდნენ მოსახლეობაში, იზიდავდნენ და კრებდნენ საწევრო გადასახადს, აგროვებდნენ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალას. ასეთი აგენტები საზოგადოებას უკვე 1908 წლიდან ჰყავდა: ქუთაისში – იოსებ ოცხელი, ბათუმში – ილია ფერაძე).
საზოგადოებას რეალური მატერიალური დახმარება გაუწიეს დავით სარაჯიშვილმა, ნიკოლოზ ღოღობერიძემ, პავლე თუმანიშვილმა, აკაკი ხოშტარიამ და სხვებმა. ცნობილმა მრეწველმა და ქველმოქმედმა დავით სარაჯიშვილმა, რომლის ღვაწლი კონიაკისა და ლიქიორის წარმოების საქმეში (პირველად რუსეთის იმპერიაში) საყოველთაოდ აღიარებულია, დიდი ამაგი დასდო საზოგადოებას – დატოვა ანდერძი, რომ გაყიდულიყო მისი ექვსი მამული და აქედან შემოსული თანხის ნახევარი სტიპენდიების ფონდად გადადებულიყო, ნახევარი კი მუზეუმის აშენებას მოხმარებოდა. ნიკოლოზ ღოღობერიძემაც თავისი შემოსავალი დამუშავებული და საზღვარგარეთ გატანილი მარგანეციდან წერა–კითხვის გამავრცელებელ და საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებებს უანდერძა.
ექვთიმე თაყაიშვილის ღრმამეცნიერულმა და მეტად მნიშვნელოვანი მასალების შემცველმა ნაშრომმა - „მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის“ - იმთავითვე მიიპყრო ფართო საზოგადოებრიობის ყურადღება. ეს მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ და 1911 წლის 28 მარტს საზოგადოების დიდი მედლით დააჯილდოვა.
პირველი არქეოლოგიური მოგზაურობა მოეწყო 1889 წლის 17თებერვალს მცხეთაში, სადაც დიმიტრი ბაქრაძემ წაიყვანა. მათი მიზანი იყო ხელნაწერი წიგნების ჩამოტანა. კარგი ხელნაწერები მხოლოდ სვეტიცხოველში უნახავთ და წამოუღიათ. ამ მოგზაურობას სათანადოდ გამოეხმაურა იმდროინდელი პრესაც. შემდგომში ექვთიმე თაყაიშვილი დამოუკიდებლად იწყებს ფართო შემოქმედებით საქმიანობას, რომლის ერთგვარი დაგვირგვინება იყო მის მიერ 1890 წელს გამოცემული „სამი ხრონიკა“. მას მოჰყვა „წმინდა ნინოს ცხოვრება“, რომელიც წინა ნაშრომის გაგრძელებას წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა. რომ ექვთიმე თაყაიშვილს მძიმე ფიზიკური ნაკლი ჰქონდა, მას არ დაუტოვებია საქართველოს არც ერთი კუთხე, ფეხით რომ არ მოევლოს, აქ არსებული ყველა ისტორიული ძეგლი არ აღეწეროს და არ შეესწავლოს.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადიების წესდება ითვალისწინებდა ეკლესია-მონასტრებში დაცული ძველი, სახმარად უვარგისი, საეკლესიო წიგნების შეგროვებას.
1888 წლიდან იწყება მისი სერიოზული სამეცნიერო - კვლევითი მუშაობა, რომელიც 60 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და უაღრესად დიდი შედეგები და ნაყოფი მოიტანა საქართველოსთვის. ამ წელს შეისწავლა და გამოიკვლია ჯერ „პარხალის სახარება“, მერე კი ამას მოაყოლა „მოქცევაი ქართლისაი“-ს ახლებური წაკითხვა, რითაც აღაფრთოვანა ილია და მისი თანამოაზრენი.
1890 წელს ექვთიმემ გამოაქვეყნა „სამი ისტორიული ქრონიკა“ („მოქცევაი ქართლისაი“, „სუმბატის ქრონიკა“ და „მესხური მატიანე“), რითაც საზოგადოების აღიარება მოიხვეჭა.
1891 წელს ექვთიმემ ქართულ საზოგადოებას წარუდგინა ნაშრომი „ახალი ვარიანტი წმინდა ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
1892 წელს იგი გვერდში ედგა ილიას ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან ტფილისს გადმოსვენების საქმეში. იმავე წელს, მისი და დავით კარიჭაშვილის რედაქტორობით გამოიცა ბარათაშვილის პირველი სრული კრებული.
1894 წლიდან იგი დანიშნეს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დირექტორად ( მაშინ გამგე ერქვა). მანამდე უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა და პატრიოტულ სულისკვეთებას უღვივებდა მოსწავლეებს.
1895 წელს ექვთიმემ გამოაქვეყნა „სიბრძნე ბალავარისა“ სარედაქციო ვარიანტებით და მეცნიერული კომენტარებით. იმავე წელს, გამოსცა კიდევ ერთი ხელნაწერი, XVIII საუკუნის „კათალიკოს-ბაქარიანი მღვდლის იესე ტლაშაძისა, მოთხრობა ლექსად“.
1896 წელს ექვთიმე ილია ჭავჭავაძეს ახლდა თან გელათში ცნობილი სულიერი მოძღვრის გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე.
1899 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დაარსა უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო სერია-„საქართველოს სიძველენი“, რომლის პირველ ტომში შევიდა 431 სხვადასხვა დასახელების და შინაარსის დოკუმენტი, საბუთი, აქტი, სიგელი, გუჯარი და სხვა.
ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ექვთიმე თაყაიშვილმა „ქართლის ცხოვრების შესწავლას და მისი ხელნაწერების გამოცემას მეცნიერული კომენტარებით. მანვე გამოაქვეყნა ლიტერატურული ზეგლები - „თამარიანი“, „იოსებ ზალიხანიანი“, „ქილილა და დამანა“.
1904 წელს მან თავი დაანება გიმნაზიის დირექტორობას და მთლიანად გადაერთო საქართველოს ეროვნული რელიქვიების მოძებნის, შესწავლის და გამოცემის საქმეზე.
1907 წელს ექვთიმემ დაარსა „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“, რომლის თავმჯდომარედაც ერთხმად აირჩიეს იგი. საზოგადოების მიზანი იყო ქართული კულტურის სიძველეთა სეგროვება და შესწავლა, ექსპედიციების მოწყობა და ხალხში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება.
„საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისათვის. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს... რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი... არ იყო ხალხი, თითო-ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთაველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება...“
1902, 1907 და 1917 წლებში ექვთიმემ თანამოაზრეებთან ერთად მოაწყო ექსპედიციები სამხრეთ საქართველოში, აღწერა ახალციხე-ახალქალაქის, არტაან-ოლთისის, ბანას, ტაოსკარის, დადაშენის, ხახულის, ოშკის, იშხანის და სხვა ეკლესია-მონასტრები, ნანგრევები და ა.შ.
1910 წელს ექვთიმეს ხელმძღვანელობით მოეწყო სამეცნიერო ექსპედიცია ლეჩხუმსა და სვანეთში.
საზოგადოების შენაძენთა შორის არის მეფე გიორგი მეთერთმეტისთვის 1680 წელს მისი მდივნის, ბეგთაბეგის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“. ეს ხელნაწერი გამოირჩევა არშიებზე მოხატული სამკაულით. „ევროპის რომელსაც გინდა მუზეუმს რომ მიუტანო, უეჭველად მოგცემენ მილიონსო“. - ამბობდა ამ ხელნაწერის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი.
ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული. ამ ხელნაწერის მოკლე ისტორი ასეთია: ერთ საჩხერელ თავად ნესტორ წერეთელს ცოლად ჰყავდა გურიელის ქალი პელაგია. ნესტორის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება (მათ შორის „ვეფხისტყაოსნის“ აღნიშნული ხელნაწერი) მის ცოლ-შვილს დარჩა. დედამ შვილებს „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ყდის გასაკეთებლად გაატანა. ამ უკანასკნელთ იგი ეტლში დარჩენიათ. მეეტლეს ხელნაწერი სამ თუმნად მიუყიდია კომერსანტ დავით სარაჯიშვილისათვის. დ. სარაჯიშვილმა კარგად იცოდა ასეთი ძეგლების ყადრი, ხელნაწერი შეუძენია და იმხანად თბილისში მყოფ ბარონ დე ბაისათვის განუზრახავს მისი ჩუქება. ექვთიმე თაყაიშვილს ეს ხელნაწერი უნახავს, უთხოვია დ. სარაჯიშვილისგან და არ დაუბრუნებია პატრონისათვის მანამ სანამ ბარონი დე ბაი საქართველოდან არ წასულა. შემდეგ ამ ხელნაწერის მიხედვით ექვთიმე თაყაიშვილმა „ვეფხისტყაოსანი“ გამოსახა კიდეც.
დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნივერსიტეტის წესდების შესადგენად და სხვა სახის საორგანიზაციო მუშაობის ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში ე. თაყაიშვილიც იყო. როგორც ცნობილია, 1918 წლის 26 იანვარს (ძვ. სტილით) უნივერსიტეტი გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი კითხულობდა ლექციებს არქეოლოგიაში. არ შეიძლება არ აღინიშნოს ის დიდი გულისხმიერება, რომლითაც იგი თავის სალექციო მოღვაწეობას ეკიდებოდა. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა არქეოლოგიის დოქტორის ხარისხი და მერე პროფესორის ხარისხი.
ექვთიმემ აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და სუვერენული ქვეყნის მშენებლობის საქმეში. იგი იყო მაშინდელი პარლამენტის-დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე (ამხანაგი).
1921 წლის თებერვალში მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ სწორედ ექვთიმეს-ამ საქმის უდიდეს სპეციალისტს დაავალა საქართველოს ეროვნული საგანძურის შეგროვება და მისი გაყოლა საზღვარგარეთ, რათა ბოლშევიკებს არ ჩავარდნოდა ხელში.
იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი უნივერსიტეტში ახლად შემოსულთათვის იყო და მოიცავდა შესავალს საქართველოს სიძველეებისას - ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანას ზოგადად და, კერძოდ, საქართველოში და საქართველოს ისტორიული დროის სიძველეთა ზოგად მიმოხილვას. ამასთან ერთად, მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკის და ეკლესია-მონასტრების ისტორიას.
ექვთიმე თაყაიშვილი მეტად მომთხოვნი ლექტორი იყო. მის პირად არქივში დაცულია პროგრამა სტუდენდების გამოცდისა საქართველოს სიძველეთა ცოდნაში.
ექვთიმე თაყაიშვილს თავის პროგრამაში ხაზგასმული აქვს აგრეთვე ისიც, თუ რისი ცოდნა მოეთხოვებოდათ სტუდენტებს შემდგომი ოთხი სემესტრის ბოლოს: საქართველოს ხუროთმოძღვრების ნაშთები და მათი შემკობილობა, ქანდაკება, ჩუქურთმა, ფრესკა, ეპიგრაფიკის ასომთავრული და ნუსხური ხელნაწერები და ძველი მხედრული სიგელ-გუჯარების, აგრეთვე ოქრომჭედლობის განვითარება საქართველოში.
თბილისის უნივერსიტეტში მოღვაწეობის წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა.
დიდი ღვაწლი მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს „ახალგორის განძის“ შესანიშნავი მასალების შეგროვებისა და დაცვის საქმეში. მან კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს, ვიდრე განძის უმეტეს ნაწილს თავი არ მოუყარა საბოლოოდ კავკასიის მუზეუმში არ დააბინავა.
ექვთიმე თაყაიშვილის გულმოდგინების შედეგი იყო „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხელნაწერის აღმოჩენა. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა, ნაგავში. ექვთიმე მუდამ ცდილობდა, რომ ყოველივე ის, რასაც აღმოაჩენდა, პირველივე სახით უცვლელად გამოეცა. ასევე მოიქცა აღნიშნული ხელნაწერის მიმართაც. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ხელმწიფის კარის გარიგება: ე. თაყაიშვილის წინასიტყვაობით გამოსცა.