„ ...საიუბილეო არაფერი გამიკეთებია, მე მხოლოდ ჩემს ქართულ მოვალეობას ვასრულებდი.“
ექვთიმე თაყაიშვილი

უფრო ადვილია იყო დიდი მეცნიერი, ვიდრე დიდი ადამიანი. ექვთიმე თაყაიშვილის პიროვნებაში ისევე განუყოფელია ეს ორი მხარე, როგორც განუყოფელია მისი მეცნიერული და საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოღვაწეობა.
...საფრანგეთშ ქართველ ემიგრანტთა შორის ცხოვრობდა ერთი ხანშიშესული კაცი სათნო მეუღლესთან ერთად. ერთი შეხედვით  ამ უბრალო კაცს გაცნობისთანავე მიმზიდველს ხდიდა სიდარბაისლე, სათნო თვალები, ენამოსწრებულობა და მეტყველებაში გურული კილოს კვალიც. ეს ოჯახი ყველაზე შეძლებული და ამავე დროს ყველაზე ღარიბი იყო მთელ საფრანგეთში. ოჯახის უფროსი ფასდაუდებელ განძს ფლობდა, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას და მის ხალხს ეკუთვნოდა. მას უჭირდა განძის შენახვა და განსაკუთრებით კი მისი შევსება  თავისი ხალხის კუთვნილი ახლადაღმოჩენილი ნივთებით. მან დაწყევლა  ყველა ქართველი, რომელიც სამშობლოს ისტორიულ ნივთს დაკარგავდა, გამოაცხადა,  რომ ასეთი ნივთი ჯერ მასთან მიეტანათ და თუ იგი ვერ შეძლებდა მის ყიდვას, მხოლოდ შემდეგ გაეყიდათ. განძის მცველი ძლივს აკოწიწებდა საჭირო თანხას. მხოლოდ ერთხელ მიმართა მან ქართველ ემიგრანტებს, რომ დახმარებოდნენ ამ საშვილიშვილო საქმეში და მოეხადათ თავისი ვალი სამშობლოსა და ერის წინაშე.